ივანიშვილის რჩეული ხეები აჭარისა და გურიის შემდეგ, ყოფილი პრემიერის გატაცებამ სამეგრელომდეც მიაღწია. ბიძინა ივანიშვილს სოფელ კახათიდან 3 ხე მიაქვს. მანამდე კი რჩეული ხეების ტრანსპორტირებისთვის სოფელში გზა უნდა გაიყვანონ. ხარჯებს ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს.
ბიუჯეტიდან დაფინანსებული გზა კი კახათში ერთ-ერთი მოსახლის ვალიდა ხურცილავას სახლთანაც გაივლის. ოჯახში 11 წლის ბავშვი ცხოვრობს, რომელსაც თვალის სიმსივნე დაუდგინეს და ერთი თვალი ამოკვეთეს, თუმცა, პროცესი ჯერ არ შეჩერებულა. ბავშვი თურქეთში წაიყვანეს, მაგრამ თანხის უქონლობის გამო პაციენტი კლინიკიდან გამოუშვეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ თანხები ბიუჯეტიდან ამ ბავშვის და მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად უნდა იხარჯებოდეს და არა გზების გასაყვანად ხეების ტრანსპორტირებისთვის.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილის ხეებს სავარაუდოდ სხვადასხვა სოფლებიდან კახათში აგროვებს და ერთიანად წაიღებს ანაკლიაში, ზღვამდე რომ შემდეგ ბორანით გადაიტანოს შეკვეთილამდე. კახათიდან ანაკლიამდე კი 25 კილომეტრია.