17 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
აქცია სოფელ ბაშში - მოსახლეობა სატვირთო მანქანებს კარიერებიდან საშენი მასალის გამოტანის უფლებას არ აძლევს

აქცია სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში - ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. სოფელ ბაშის მოსახლეობა სოფელთან არსებული კარიერებიდან საშენი მასალების მოპოვებას აპროტესტებს და კარიერთან სატვირთო ავტომობილებს არ ატარებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფლის ცენტრალურ გზაზე დღეში ხუთასამდე სატვირთო გადაადგილდება, რაც გზას აზიანებს, გზის რეაბილიტაცია კი არ ხდება.

მოსახლეობასთან შესახვედრად სამტრედიის მერი და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები მივიდნენ.

მათი განცხადებით, პრობლემის მოგვარების გზებს ისინი მოიძიებენ და მოსახლეობას რამდენიმე დღეში მიაწვდიან ინფორმაციას თუ რა გზით არის შესაძლებელი აღნიშნული პრობლემის მოგვარება.

სამტრედიის მერის ვალერიან ფოცხვერიას განცხადებით, მოსახლეობის მოთხოვნები სამართლიანია და მერია ყველაფერს გააკეთებს, რათა მათი პრობლემები უახლოეს პერიოდში მოგვარდეს.

დღის ამბები