დღეიდან ცინცაძე-კარტოზიას სატრანსპორტო კვანძის პროექტი იწყება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის დასრულებას 5 თვე დასჭირდება, ხოლო პროექტი დაახლოებით 2 მლნ 700 ათასი ლარი დაჯდება.
კახა კალაძის თქმით, აუცილებელია, დედაქალაქში ურბანული პრობლემები მოწესრიგდეს. მისი თქმით, შესაძლოა აღნიშნულმა პროექტმა კრიტიკა გამოიწვიოს თუმცა, კალაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებების მიღებას არ უნდა მოერიდოს.
მისივე თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას შეიძლება საჭირო გახდეს მიმდინარე მშენებლობების შეჩერება, ხეების გადარგვა ან სამშენებლო ნებართვების გაცემის შეჩერება.
„ჩვენ ნამდვილად ვერ დავრჩებით ისე, როგორც იყო 50 წლის წინ, როცა რამდენიმე მანქანა დადიოდა დედაქალაქში. შესაბამისად, გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგებული იყოს დედაქალაქში.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ახალი კვანძების მშენებლობით სატრანსპორტო პრობლემებს და საცობებს ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია საცობების პრობლემის მოსაგვარებლად.
ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, შეიძლება მოგვიწიოს ნებართვების არ გაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების უკმაყოფილება, შეიძლება მოგვიწიოს ხეების გადარგვა ან მოჭრა, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი და შესაბამისად, არ მოგვერიდოს გადაწყვეტილებების მიღება",- განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის მოადგილე განმარტავს, რომ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის პროექტის განხორციელებისას რამდენიმე ნარგავის მოჭრა შეიძლება გახდეს საჭირო, რის შესახებაც ინფორმაცია აქვს მოსახლეობას. მისი თქმით, ხეების მოჭრის საჭიროება ახსნილი და გაცხადებულია მოსახლეობისთვის.
როგორც ცნობილია, ამ მონაკვეთზე იმავე პროექტის განხორციელება დავით ნარმანიას მერობის დროს იგეგმებოდა, თუმცა მაშინ ხეების მოჭრის გამო მოსახლეობის პროტესტმა ეს პროექტი შეაფერხა.
ასევე კახა კალაძის მოადგილის ილია ელოშვილის თქმით, დედაქალაქის მერიას უკვე მიმართული აქვს „თელასისთვის“ რათა ქალაქის ქუჩებში არსებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძების მიწის ქვეშ განთავსება მოხდეს.