გავრცელებული ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანიდან რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს.
ამჯერად გატაცებულია ადგილობრივი მკვიდრი თამაზ ილურიძე, რომელიც სოფლის მიმდებარე საძოვრებზე საქონელს მწყემსავდა.
თანასოფლელები ყვებიან, რომ როდესაც ორი პირი საქონელს მწყემსავდა, ოკუპანტებმა მათი გატაცება სცადეს, თუმცა ერთი მათგანი გაიქცა, 52 წლის თამაზ ილურიძე კი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, წაიყვანეს.
ფლავისმანელების თქმით, მათ მომხდარის შესახებ დროულად შეიტყვეს და ოკუპანტებს დაედევნენ. თუმცა მათი განცხადებით, გამტაცებლები სროლით დაემუქრნენ, რის გამოც ფლავისმანელები იძულებულები გახდნენ, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ.
გავრცელებული ცნობით, ილურიძე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.