109-ე ბაგა-ბაღის შენობის მდგრადობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა ერთი თვის წინ გაიცა. „კურიერმა“ მოიპოვა დასკვნა, რომელიც 16 მარტით არის დათარიღებული.
თუმცა აღსაზრდელების მშობლებმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაღი დემონტაჟს ექვემდებარება და უნდა დაიხუროს, მხოლოდ გუშინ მიიღეს. დღეს კი საბავშვო ბაღში აღსაზრდელები უკვე აღარ მიიღეს.
როგორც ცნობილია, ექსპერტიზის მიხედვით, შენობა დაზიანებული და სახიფათოა. დასკვნის მიხედვით, ის შეკეთებას არ ექვემდებარება, რის გამოც მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს.
ბაღის აღსაზრდელების მშობლები აცხადებენ, რომ შენობის დანგრევა იქ კერძო მშენებლობის დასაწყებად გადაწყდა.
ისინი დილიდან აპროტესტებენ საბავშვო ბაღის სპონტანურად დახურვას და აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიაზე გარკვეულ პირებს ბიზნეს ინტერესი აქვთ.