ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლების პროტესტი განახლდა, ისევ ხმაურია. აქციის მონაწილეებმა ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ამ წუთებში ბავშვები და მათი მშობლები კვლავ იმ შენობაში იმყოფებიან, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, ავარიულია და სასწრაფო დემონტაჟს საჭიროებს.
აქციის მონაწილეები ეჭვობენ, რომ მერიას ტერიტორიის გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი და შენობის ავარიულობა მხოლოდ საბაბია.
დასკვნის მიუხედავად, პედაგოგების გადაწყვეტილებით, გარკვეულ ჯგუფებში სააღმზრდელო პროცესიც გაგრძელდა.
აქციის მონაწილეებთან ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც კონკრეტული ჯგუფების ბიზნესინტერესებზე საუბრობენ.
109-ე ბაღთან ცოტა ხნის წინ ასევე მივიდნენ დედაქალაქის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახა გვანცელაძე. ელოშვილის თქმით, 109-ე ბაღის ადგილას კომერციული შენობა არ აშენდება.
გვანცელაძის შეფასებით, გუშინ ექსპერტმა დასკვნაზე მუშაობა როგორც კი დაასრულა, შენობის ავარიულობის შესახებ მშობლებს და პედაგოგებს მაშინვე აცნობეს.
109-ე საბავშვო ბაღთან კი მშობლებისა და პედაგოგების პროტესტი გრძელდება. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.