17 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
"როგორ უნდა ვიკადროთ, რომ მოტყუებით გამოვიყვანოთ ბავშვები და შემდეგ გავასხვისოთ?" - კალაძე 109-ე ბაღის დახურვას ეხმაურება

109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მშობლების პროტესტს და ბრალდებებს დედაქალაქის მერი ეხმაურება.

კახი კალაძის თქმით, შეურაცხმყოფელია ბრალდება, რომ შენობიდან ბავშვები მოტყუებით გაიყვანეს და შემდეგ შენობის გასხვისება იგეგმება.

„მე არ ვიცი რა მიწებია გაყიდული, რისთვის არის გაყიდული.  ერთი ვიცი რომ ბაღს ვერავინ შეეხება. ძალიან გულდასაწყვეტია ის განცხადება, რასაც ვისმენთ. ადამიანები ვართ, არსებობს მორალი, როგორ უნდა ვიკადროთ, რომ მოტყუებით გამოვიყვანოთ ბავშვები და შემდეგ გავასხვისოთ, ეს არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია პირადად ჩემს მიმართ.

"დასკვნაში, რომელიც მივიღეთ სამხარაულის ბიუროდან,  პირდაპირ არის დაწერილი, რომ ეს არის პრობლემური შენობა და აქ ბავშვების ყოფნა არის საშიში. ამიტომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვები გადავანაწილოთ სხვადასხვა ბაღებში“- განაცხადა კალაძემ.

109-ე ბაგა-ბაღის შენობას, აღსაზრდელები და პედაგოგები, მშობლების მოთხოვნით არ ტოვებენ. პროტესტი, გაბრიელ სალოსის გამზირზე, გუშინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც მშობლებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა შეატყობინეს, დასკვნაში ნათქვამია, რომ ბაღის შენობა ავარიულია და ის დემონტაჟს საჭიროებს. აქციის მონაწილეები ეჭვობენ, რომ მერიამ შენობის გაყიდვა გადაწყვიტა.

დღის ამბები