109-ე ბაგა-ბაღის შენობას აღსაზრდელები და პედაგოგები, მშობლების მოთხოვნით არ ტოვებენ. პროტესტი გაბრიელ სალოსის გამზირზე გუშინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც მშობლებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა შეატყობინეს.
დასკვნაში ნათქვამია, რომ ბაღის შენობა ავარიულია და ის დემონტაჟს საჭიროებს. აქციის მონაწილეები ეჭვობენ, რომ მერიამ შენობის გაყიდვა გადაწყვიტა. კონკრეტული პირების ინტერესებზე საუბრობს ოპოზიციაც.
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, შენობას ცოტა ხნის წინ რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რისთვისაც 300 ათასი ლარი დაიხარჯა.
„ფაქტია, რომ ამ ტერიტორიაზე არის ძალიან დიდი დაინტერესება. ესე პარტიზანულად არ დაიწყებოდა მაშინ გუშინ, რომ სასწრაფოდ დაცალეთ ბაღი, იმიტომ რომ ერთი თვეა ეს დასკვნა არსებობს.
„რამდენიმე წლის წინ 300 ათასი დაიხარჯა ამ ბაღის რეაბილიტაციისთვის და რატომ არ დგება იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც 300 ათასი გადაიხადა და შენობა დარჩა დასანგრევი. არცერთი ფოტო არ შეესაბამება დღევანდელობას ეს არის ძველი შენობის ფოტოები აღებული“-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
შენობის რეაბილიტაციის ხარჯებზე საუბრობს „ევროპული საქართველო.“ საკრებულოს დეპუტატის დავით ჟღენტის თქმით, შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გაუგებარია, რაში დაიხარჯა ეს თანხა თუ საბავშვო ბარი მაინც დემონტაჟს ექვემდებარება.
„წელიწადნახევრის წინ განხორციელდა სამუშაოები 320 ათასზე ლარზე მეტი დაიხარჯა. სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ გუშინ გაიგეს მშობლებმა და დასაქმებულმა პირებმა, რომ დღეიდან არ შეიძლებოდა აღნიშნულ ბაღში მუშაობის გაგრძელება“- აცხადებს „ევროპული საქართველოდან“ საკრებულოს წევრი დავით ჟღენტი.