მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკას, რომელიც გიორგი მარგველაშვილის მიერ პატიმრის შეწყალებას მოჰყვა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია კიდევ ერთხელ ეხმაურება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული უმძიმესი კრიმინოგენული ვითარება „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და არა პრეზიდენტის.
ნინო კალანდაძე მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილზე თავდასხმა კამპანიურ ხასიათს ატარებს.
„საქართველოში კრიმინოგენული ვითარება, რომ არის უმძიმეს მდგომარეობაში ეს არის პირველ რიგში ქართული ოცნების პოლიტიკის დამსახურება. ყველას გვახსოვს ეკა ბესელიას მიერ შეწყალების გზით და ამნისტიის გზით გამოშვებული უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ადამიანები. არაერთი, მთელი რაზმი გამოვიდა საპატიმროებიდან. შეწყალების კომისია და შეწყალების მექანიზმები, რომ დასახვეწია ამაზე ყველა ვთანხმდებით . მაგრამ ახლა ერთი განყენებული შემთხვევის გამო პრეზიდენტზე თავდასხმა გაცილებით უფრო ატარებს კამპანიურ ხასიათს და ბევრ ეჭვს ბადებს ვიდრე, რომ ეს არის პოლიტიკური ძალების მიერ მცდელობა დაიხვეწოს შეწყალების მექანიზმები,“-განაცხადა ნინო კალანდაძემ.
„თავისუფალი დემოკრატები“ კი საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ კამპანიის უფრო გამძაფრებას ელოდებიან. ნინო გოგუაძე ამბობს, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბრძოლის მეთოდი.
„დიახ, ეს არის სასტიკი დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ. რაც შეეხება ევროპულ საქართველოს მე ძალიან გამიჭირდება მთლიანად პარტიის პოზიციაზე ვილაპარაკო , რადგან ამ პარტიის სხვადასხვა წარმომადგენლებმა სხვადასხვა შეფასებები გააკეთეს,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.