139-ე სკოლაში პროტესტი გრძელდება. მშობლები და პედაგოგები სკოლის დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ.
მე-10 კლასის მოსწავლეთა ნაწილი გაკვეთილებზე არ შევიდა. ისინი დამრიგებლის, ლელა მაზმიშვილის გათავისუფლებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ნათია ფხალაძის მიერ პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით გამორჩევაზე, მასწავლებლების შეურაცხყოფასა და მოსწავლეებისთვის პრობლემების ხელოვნურად შექმნაზე საუბრობენ.
„სკოლაშია სრული ჰეგემონია. დირექტორს სკოლა თავის საკუთრება ჰგონია და არ ითვალისწინებს იმ ნორმებსა და წესებს, რომელიც სკოლას გააჩნია“-ამბობს მეათე კლასის მოსწავლე ნიკუშა მაღედანი .
პედაგოგების თქმით, დირექტორის ზეწოლას ახდენს იმ მასწავლებლებზეც, რომლებიც სკოლიდან არ გაუთავისუფლებია. ლელა მაზმიშვილის თქმით, მასწავლებლებს დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბარი აუკრძალა.
„პედაგოგები, თანაგრძნობის გამო ვინც რეკავენ აღნიშნავენ, რომ ქალბატონმა ნათიამ დილით თქვა, რომ ვინც ინტერვიუს მისცემს მათ დისციპლინურ სხდომას გადასცემს“-ამბობს ლელა მაზმიშვილი.
139-ე სკოლაში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.
„მოსწავლეთა მხრიდან არის სერიოზული პროტესტი დირექტორის ქმედებების გამო, ისინი აღნიშნავენ, რომ მასწავლებელთა უსაფუძვლო დევნა სკოლაში არ არის პირველი შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს არ აქვს ამ ფაქტებთან მყისიერი რეაგირება“ - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი.
განვითარებულ პროცესებზე სკოლის დირექტორს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.