“აგარის ქარხნის” თანამშრომლები დასაქმების მოთხოვნით თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები ამჟამად რუსთაველის გამზირზე გადაადგილდებიან. მთავრობის ადმინისტრაციასთან კი მათ მასშტაბური საპროტესტო აქცია აქვთ დაგეგმილი.
აქციას დაბა აგარის მოსახლეობა და გაერთიანებული პროფკავშირები უერთდებიან.
„კითხვაზე პასუხი აინტერესებს ამ ხალხს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება. როგორ გაითენოს ხვალინდელი დღე. შიმშილის ზღვარზე კი არა შიმშილობს რეალურად. 49-ე დღეა კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს ქარხანა გააგრძელებს თუ არა მუშაობას და თუ ვერ გააგრძელებს ამ შემთხვევაში რა ზომას მიმართავს ხელისუფლება,“-აცხადებს პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.
ქარხნის თანამშრომლები დაბაში 7 თვიანი იძულებითი მოცდენის შემდეგ, საწარმოს დახურვას აპროტესტებენ და მათი პრობლემების მოსაგვარებლად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
„საქართველოში ერთი წარმოებაა, რომელშიც 500 კაცი იყო დასაქმებული. არ დავუშვებთ ეს წარმოება გაჩერდეს, თავიდან ბოლომდე ამ წარმოებაზეა დამოკიდებული დაბის ბედი, იმიტომ რომ იქ ალტერნატიული სამსახური არ არსებობს“ - ამბობს აქციის მონაწილე ზაზა ალთუნაშვილი.