"სტრასბურგის სასამართლოში ხელისუფლება სახელმწიფოს ინტერესებს წარმოადგენს,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი კობახიძე მთავრობის მიმართვას გამოეხმაურა, სადაც ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს, რომ სამაუწყებლო კომპანია ქიბარ ხალვაშს გადაეცეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროსასამართლო მიიღებს.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში მედიაპლურალიზმი შენარჩუნებული იქნება.
„ეს საკითხი არის სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის საგანი და ის მიიღებს გადაწყვეტილებას. ხელისუფლება სახელმწიფოს ინტერესებს წარმოადგენს, შესაბამისი უწყებები სახელმწიფოს ინტერესებს წარმოადგენენ სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია, მოქმედებენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. ყველაფერი იქნება კარგად მედიაპლურალიზმის მიმართულებით. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ მედიაპლურალიზმი და მედიაპლურალიზმი აუცილებლად შენარჩუნებული და უზრუნველყოფილი იქნება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოსთვის გაგზავნილ მოთხოვნაში ევროსასამართლოს სთხოვს, რომ „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გააუქმოს, რაც ავტომატურად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლას გამოიწვევს.