17 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია რუსთავი2-ის საქმეზე მიმართვას ავრცელებს.
სამოქალაქო სექტორი სტრასბურგის სასამართლოში ხელისუფლების მიერ გაგზავნილ მოთხოვნას ეხმაურება, რომლითაც იუსტიციის სამინისტრო ევროსასამართლოს დროებითი ღონისძიების გაუქმებას და სასამართლო დავის დასრულებამდე, სამაუწყებლო კომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემას მოითხოვს.
არასამთავრობოებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებითი ღონისძიება არ უნდა გაუქმდეს. სამოქალაქო სექტორი კრიტიკული მედიის არსებობის აუცილებლობაზე ყურადღებას ამახვილებს.
„ნიშანდობლივია, რომ ეროვნულ დონეზე საქმის განხილვას თან ახლდა არაერთი გარემოება, რაც ლეგიტიმური კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სასამართლოს მიუკერძოებლობას და ასევე მიანიშნებდა ხელისუფლების დაინტერესებაზე საქმის შედეგით. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ არ გაუქმდეს დროებითი ღონისძიება ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რათა მესაკუთრის ცვლილებამ მაუწყებლის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება არ გამოიწვიოს. ის, რომ სწორედ რუსთავი2-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკაა ხელისუფლებისათვის პრობლემა, მათ მიერ სტრასბურგის სასამართლოსთვის გაგზავნილი მიმართვაშიც ნათლად ჩანს. აღსანიშნავია, რომ დიდწილად სწორედ დროებითი ღონისძიების მეშვეობით გახდა შესაძლებელი კრიტიკული და პლურალისტური მედიაგარემოს შენარჩუნება 2017 წლის არჩევნების პერიოდში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მიმართვას ხელს აწერენ:
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო (OSGF);
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
მედიის განვითარების ფონდი (MDF);
საზოგადოება და ბანკები;
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;
საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
კავშირი საფარი;
ადამიანის უფლებათა ცენტრი;
კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი;
მედიის ინსტიტუტი;
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
ახალი ეკონომიკური სკოლა;
კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი.