თბილისის 139-ე საჯარო სკოლასთან დღეს, პედაგოგებისა და მოსწავლეების მორიგი საპროტესტო აქცია იგეგმება.
ისინი კვლავ დირექტორის, ნათია ფხალაძის გადადგომას ითხოვენ. პედაგოგების და მოსწავლეების ნაწილი აცხადებს, რომ დირექტორი სკოლაში დიქტატურის დამყარებას ცდილობს.
მათივე განცხადებით, ფხალაძე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლიდან უსაფუძვლოდ ათავისუფლებს.
„სკოლაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას ვაპროტესტებთ და მის ერთპიროვნულ მმართველობას. როგორ შეიძლება ადამიანს დააბრალო ის რაც არ ჩაუდენია და მას ეთანხმებოდეს მისგან შექმნილი დისციპლინარული საბჭო და სამეურვეო საბჭო. მე გამათავისუფლა ვითომდა ზეწოლას ვახდენდი მეთორმეტე კლასელ ბავშვზე, მანდატურზე, დისციპლინარულ საბჭოს ერთ-ერთ წევრზე,“-აცხადებს 139-ე სკოლის ყოფილი პედაგოგი ნინო ხოხობაშვილი.
გათავისუფლებულმა მასწავლებლებმა განათლების სამინისტროს უკვე მიმართეს. ისინი ასევე მზად არიან საჩივარი სახალხო დამცველის აპარატსა და სასამართლოშიც შეიტანონ.