მორიგი აქცია თბილისის 139-ე საჯარო სკოლასთან - დირექტორის გადადგომის მოთხოვნით სკოლის ყოფილი პედაგოგები და მოსწავლეთა ნაწილი შეიკრიბა. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია, ისინი სკოლის დირექტორის ნათია ფხალაძის სკოლიდან წასვლას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, ფხალაძე პოლიტიკური ნიშნით დევნის, როგორც მასწავლებლებს ასევე გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებული მშობლების შვილებს.
სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ ისინი აქციებს არ შეწყვეტენ და მანამდე გააგრძელებენ პროტესტს, ვიდრე დირექტორი არ გათავისუფლდება.
სკოლის პედაგოგთა ნაწილი კი ამბობს, რომ ფხალაძე უკანონოდ მოქმედებს და არღვევს საჯარო სკოლის წესდებას.
„ქალბატონმა ნათიამ მაინც ჩაატარა დისციპლინარული სხდომა და მიუხედავად იმისა, რომ არცერთი გაკვეთილი არ ჩამიშლია, შემიზღუდეს უფლება დავსწრებოდი სხდომას და დამეცვა თავი იმ უსაფუძვლო ბრალდებებისგან, რომელსაც მე მიყენებს სასწავლო ნაწილი და ადმინისტრაცია.
თითქოს მე მივაყენე შეურაცხყოფა სასწავლო ნაწილს, ზეწოლას ვახორციელებდი მანდატურზე და ვცდილობდი, გაკვეთილის ჩაშლას“-აცხადებს გათავისუფლებული პედაგოგი ნინო ხოხობაშვილი.
სკოლის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ სკოლაში ამ დროისთვის სიმშვიდეა და სასწავლო პროცესიც მიმდინარეობს.
„რაც შეეხება სიუჟეტს მოკვლევა დაწყებულია, მოვუწოდებთ ბავშვებს რომ ნუ გააცდენენ გაკვეთილებს“-აცხადებს ირმა ჯაჯანიძე.
ადგილზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელიც. ნინო კვიტაიშვილის განცხადებით, სკოლაში არსებული ვითარების დროული შესწავლა უნდა მოხდეს. კვიტაიშვილის თქმით, აუცილებელია სკოლის დირექტორის, ნათია ფხალაძის თანამდებობიდან ჩამოშორება, რადგან მას როგორც მოსწავლეები ისე პედაგოგების ზეწოლასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ.
„გადადგმული იქნა არაერთი უკანონო ნაბიჯი. უსაფუძვლოდ არის გათავისუფლებული არაერთი პედაგოგი... გარდა ამისა, ბავშვების განცხადებით, ადგილი აქვს მათ შევიწროებას და უფლებების დარღვევას. ვფიქრობ, შესაბამისმა უწყებებმა ფაქტები დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს და დადგეს ნათია ფხალაძის პასუხისმგებლობის, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი“- განაცხადა კვიტაიშვილმა.
139-ე სკოლის დირექტორის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ხვალ დილით ისევ განახლდება.