17 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
დაპირისპირება 139-ე სკოლაში - პედაგოგები და მოსწავლეები აუდიტის სამსახურის კითხვებს პასუხობენ

139-ე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებიც დირექტორს უპირისპირდებიან, განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის კითხვებს პასუხობენ. რამდენიმე მათგანმა უწყება უკვე დატოვა.

პედაგოგების და მოსწავლეების ნაწილი აცხადებს, რომ დირექტორი სკოლაში დიქტატურის დამყარებას ცდილობს.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს აინტერესებდათ ის პრობლემები, რაზეც თავად მოსწავლეები და პედაგოგები საუბრობენ.  

მოსწავლეები იმ პერიოდს იხსენებენ, როდესაც ისინი სკოლის ბიბლიოთეკის ოთახში, დაგვიანების გამო იძულებით ჩაკეტეს. მოსწავლეების ნაწილი ასევე ამბობს, რომ სკოლიდან მასწავლებლებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე ათავისუფლებენ. 

„არ გვეძლევა ბავშვებს რესურსების გამოყენების უფლება. დაგვიანების გამო იკეტებიან ბავშვები 6 გაკვეთილი საპირფარეშოსა და წყლის გამოყენების გარეშე, ტელეფონების ჩამორთმევით ბიბლიოთეკაში. არის სკოლაში შერჩევითი სამართალი, ჩვენი პედაგოგები უბრალოდ თავისუფლდებიან ნამდვილი მიზეზების გარეშე,“ - ამბობს 139-ე საჯარო სკოლის მოსწავლე  ლუკა წიქარიშვილი.

პედაგოგების ნაწილი კი ჰყვება, რომ სკოლის დირექტორთან პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც განათლების სამინისტროს მიმართეს და სკოლაში არსებული დარღვევების შესახებ აცნობეს.

„ბოლო შემთხვევა, რომ დეკემბრის მერე, მეც, ჩემი სადამრიგებლო კლასის მშობლებმაც, აგრეთვე სხვა ორმა პედაგოგმა შემოიტანა მის ყველა დარღვევაზე გადაცდომაზე განათლების სამინისტროში საჩივარი, 4 აპრილს მიიღო მან განათლების სამინისტროდან დასკვნა, რომელიც მეც მომივიდა, რომ ყველა გამოვლენილ დარღვევაზე სკოლას მიეცა გაფრთხილება და დაევალა, რომ აღმოეფხვრა ეს დარღვევები და გაეკეთებინა წარდგინება როგორც სამინისტროში, ისე ინფორმაცია მოეწოდებინა ჩემთვის, ამის შემდეგ ქალბატონი ნათია ძალიან აგრესიულ გახდა,“ - ამბობს 139-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ირმა ჯაჯანიძე.

დღის ამბები