თბილისის ცენტრში, ერთ-ერთი საუკეთესო აღმზრდელობითი დაწესებულების შენობა უპატრონოდ არის მიტოვებული. ადგილი, სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ათეულობით ბავშვი სწავლობდა, ახლა სანაგვედ არის ქცეული.
შენობა ისე დაცალეს, რომ ადგილზე დატოვეს ავეჯი, საწოლები, ლეიბები და სათამაშოები. ადგილობრივები, რომლებიც ბაღის მიმდებარედ ცხოვრობენ, ყვებიან რომ შენობა ყოველდღიურად იძარცვება.
ნახევარ ჰექტარზე განთავსებული შენობიდან სხვადასხვა მასალების გატანის შესახებ ინფორმაციას ფლობს ოპოზიციაც. დეპუტატები "ნაციონალური მოძრაობიდან" ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა მერიის მაღალჩინოსნებს ეკისრებათ. ოპოზიცია ეჭვობს, რომ ამ ადგილით მთავრობასთან დაახლოებული პირები არიან დაინტერესებული და იქ მალე, სხვა დანიშნულების შენობა აშენდება.
მე-6 ბაღი 2007 წელს გარემონტდა. 2015 წელს კი მომზადდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც შენობა გამაგრებას ექვემდებარებოდა.
არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას იხსნის ბაღების მართვის სააგენტო.
ოპოზიცია დედაქალაქის მერს სპეციალური განცხადებით რამდენიმე დღეში მიმართავს. დეპუტატები ბაღის ყოფილ შენობაში ინვენტარის აღწერას და ტერიტორიის დასუფთავებას მოითხოვენ.