17 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
აქცია გარდაბნის №1 საჯარო სკოლაში - მშობლები იმ მოსწავლეების გარიცხვას ითხოვენ, რომლებმაც თანასკოლელზე იძალადეს

საპროტესტო აქცია გარდაბნის პირველ საჯარო სკოლაში - მოსწავლეების მშობლებმა იმ 3 მოსწავლის სკოლიდან გაშვება მოითხოვეს, რომლებმაც მეშვიდე კლასელზე იძალადეს, ინციდენტი გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს.

შემთხვევა სექტემბერში მოხდა, თუმცა ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მომხდარზე გამოძიება დაწყო, თუმცა ამ დრომდე სკოლას მოსწავლის დაჩაგვრის ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

მშობლებმა საკუთარი პრეტენზიები და მოთხოვნები დღეს სკოლის დირექციასაც გააცნეს. შეხვედრა სკოლის მოსწავლეების მშობლებსა და ხელმძღვანელს შორის უკვე დასრულდა.

როგორც ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დედა აცხადებს, დირექტორი ამბობს, რომ მას ძალადობაში დადანაშაულებული მოსწავლეების გარიცხვის უფლება არ აქვს. მათივე თქმით, დირექტორმა კონსტიტუციის ის მუხლი განმარტა, რომლის მიხედვითაც 9 კლასის დამთავრებამდე მოსწავლის სკოლიდან გაშვების უფლება კანონით არ გააჩნია.

„დირექტორს არ აქვს არანაირი უფლება, როგორც აგვიხსნა, ვერაფერ ზომებს ვერ მივიღებთო. ყველანაირად ვიმუშავებ იმაზე, რომ ეს ბავშვები გამოსწორდნენო. მისი თქმით, კი არიან ცელქი ბავშვებიო, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამოსწორდეს და მშობლების თანადგომაც სჭირდებათო,“-ამბობს მოსწავლის დედა.

სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის თქმით, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ძალადობაში ბრალდებულ მოსწავლეებთან სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები დაიწყებენ მუშაობას.

ლალი მხეიძის თქმით, სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის დირექტორის პასუხი დამშვიდების საბაბს არ იძლევა.

„არ ვიცი არანაირად არ ვართ დაზღვეულები, რომ ახლა რომ ამ ბავშვებს თავზე ხელი გადაესვათ და სკოლაში მოვიდნენ, ხვალ იმავეს არ გაიმეორებენ ან ეს ბავშვები ან სხვა ბავშვები“- ამბობს მხეიძე.

დღის ამბები