17 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
"რელიგიური გრძნობების შეურაცყოფა" - ემზარ კვიციანის ინიციტივას არასამთავრობოები ეხმაურებიან

საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ წარდგენილ ინიციატივას, რომელიც “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის” სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  ამგვარი ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლების, როგორც კონსტიტუციურ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას.

„განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ. კომიტეტის წევრები იზიარებენ პრინციპს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი. გავრცელებული ინფორმაციით კანონპროექტის განხილვისას გამოითქვა მოსაზრება კანონპროექტის შემუშავებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც  საპატრიარქოს წარმომადგენლები და ასევე სხვა რელიგიური კონფესიები ჩაერთვებიან...

"აღსანიშნავია, რომ ეს არ არის გამოხატვის თავისუფლების ამგვარად შეზღუდვის პირველი შემთხვევა. მსგავსი ინიციატივები პარლამენტში 2013 და 2016 წლებშიც დაფიქსირდა, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში ინიციატივამ (რომელიც წინა შემთხვევებში მსგავს ქმედებებზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებდა) მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება პლატფორმამ არაერთხელ დააფიქსირა. ინიციატივას გამოეხმაურა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოც"-ნათქვამია განცხადებაში.

„არა ფობიას“ განცხადების მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის რაიმე სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება კატეგორიულად მიუღებელია.

„საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში საქართველოში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც გარკვეულმა ჯგუფებმა ძალადობრივად გამოხატეს უკმაყოფილება მხატვრების, მწერლების, ჟურნალისტების მიმართ[4] სწორედ “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” საბაბით. მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში პლურალიზმის, დისკუსიისა და კრიტიკული მოსაზრებების ჩახშობას, მათ შორის მიმართული იქნება ხელოვნებისა და მედიის წინააღმდეგ.

"სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ქვეყანაში უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს ძირითად პოლიტიკას უნდა გეგმავდეს და ზრუნავდეს მათ მიერ კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობაზე (მათ შორის ამ მიმართულებით არსებული სისტემური პრობლემების გადაჭრაზე), უმცირესობათა უფლებების შეზღუდვის და საზოგადოებაში ჯანსაღი კრიტიკის ჩახშობის ხელშემწყობად გვევლინება“-წერია განცხადებაში.

"არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ყურადღება მიაქციოს როგორც კონსტიტუციურ ისე საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე ქვეყანაში არსებულ საჭიროებებს და  არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ ინიციატივას არც ამ და არც რაიმე სხვა ფორმით.

განცხადებას ხელ აწერს: 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

თანასწორობის მოძრაობა

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI)

შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

დღის ამბები