"ისინი არიან საქართველოს გმირები," - ეს განცხადება, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გააკეთა.
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული 22 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია. 20 დაღუპულის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში, ორი კი ახლობლების მოთხოვნით, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
მთლიანობაში, აფხაზეთის ომის დროს, უგზო უკვალოდ დაკარგული, 148 დაღუპულია იდენტიფიცირებული, რომელთაგან 109 ეთნიკური ქართველი, ხოლო 39 აფხაზი მებრძოლია.
სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს, ხვალ 4 საათზე დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
„მე კიდე ერთხელ ვუთხრა ნუგეში მათ ოჯახებს, ისინი არიან მართლა საქართველოს გმირები და თითოეული ოჯახისთვის მათი გმირობა იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო საქართველოს და სწორედ, მათი სახელები არის იმის გარანტი, რომ საქართველო აუცილებლად აღიდგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.