თბილისის მეტროპოლიტენში შესაძლოა მასშტაბური გაფიცვა დაიწყოს. 250 მემანქანე ხელფასის მომატებას ითხოვს.
მერიას მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ვადა სამშაბათამდე აქვს. ვიდრე მუნიციპალიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, დასაქმებულების მოთხოვნები ვიცე მერმა, სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებმა და ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორმა მოისმინეს.
„მძიმე შეხვედრა იყო, იყო სამუშაო შეხვედრაც ვფიქრობ მერია ფიქრობს ჩვენს შეთავაზებულ წინადადებაზე, მოთხოვნა ხელფასის გაზრდაა“- განაცხადა მეტროპოლიტენის მემანქანემ რატი კაპანაძემ.
დედაქალაქის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ამ ეტაპზე არ აქვს შესაძლებლობა, რომ მემანქანეთა ხელფასი იმ რაოდენობით გაზარდოს რამდენსაც მეტროპოლიტენის თანამშრომლები ითხოვენ.
„სატრანსპორტო კომპანიას არ გააჩნია იმის რესურსი, რომ მოახდინოს ხელფასების ზრდა ისე, როგორც ეს მოთხოვნილია. დიდი იმედი მაქვს რომ ეს თანამშრომლები ამ გარემოებებს საკმაოდ გაგებით მოეკიდებიან“- აცხადებს ირაკლი ხმალაძე.
დღეისთვის მემანქანეთა საბაზო ხელფასი 1054 ლარია. პროფკავშირებში აცახდებენ, რომ დასაქმებულებს მუშაობა მძიმე პირობებში უწევთ და მემანქანეების ხელფასების 45% მომატებას ითხოვენ.