ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს რეგულაციებს უწესებს. რთულდება სესხის გაცემის პროცედურა. რეგულაციის მიხედვით, ბანკი სესხს მხოლოდ მას შემდეგ გასცემს, არც მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვან ანალიზს ჩაატარებენ.
მაგალითად, თუ მოქალაქეს ბინის შეძენა სურს, ბანკი მას თანხის 50%-ზე მეტს ვეღარ მისცემს, იქამდე ვიდრე არ დაადგენს, რამდენად აქვს შესაძლებლობა დაინტერესებულ პირს ყოველთვიურად თანხის გადახდის.
როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის ეს რეგულაცია პირველ ეტაპზე შეეხება კომერციულ ბანკებს, ხოლო სამომავლოდ არ არის გამორიცხული რომ ამ კატეგორიაში მოექცნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც.
ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ამ რეგულაციების საჭიროება ქვეყანაში არსებული ჭარბვალიანობის გამო დადგა.
ეკონომისტები კი ფიქრობენ, რომ ახალი რეგულაციების შემოღებას ბანკებს კონკურენტუნარიანობას დააკარგვინებს და სექტორის განვითარების საშუალებას გააქრობს.
„შედეგად რას მივიღებთ? - რომ საბოლოო ჯამში ბანკები ერთმანეთს დაემსგავსებიან, გასცემენ ერთნაირ პროდუქტებს და საბოლოო ჯამში ყველა კონკურენტული სტრატეგია თუ ბაზრის წილის დაპყრობის სტრატეგია, რაც შეიძლება ჰქონდეთ, რეალურად შეუზღუდავს რაღაც სტრატეგიების გამოყენებას. რაც გრძელვადიან პერიოდში ამ სექტორის განვითარებისთვის არ იქნება კარგი“ - აცხადებს ეკონომისტი გიორგი პაპავა.
სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ რეგულაციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მომზადდა, რადგან ბანკები ისედაც ამოწმებენ კლიენტის ფინანსურ მდგომარეობას. მათი თქმით, რეგულაციები პრობლემებს იმ მოქალაქეებს შეუქმნის, რომლებსაც შემოსავალი აქვთ, თუმცა მის ოფიციალურ დადასტურებას ვერ ახერხებენ.
„ამ ცვლილებებით უფრო გართულდება თვითდასაქმებული ადამიანებისთვის სესხის მიცემა, როგორებიც არიან ძიძები, ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები ან პროფილაქტიკის ხელოსნები, რომლებსაც აქვთ რეალური შემოსავალი, თუმცა ამის დადასტურება ხშირად უჭირთ. აქამდე ბანკი რა თქმა უნდა სწავლობდა ამ ადამიანების ფინანსურ შემოსავლებს და საკრედიტო ისტორიებს, მაგრამ როგორც წესი უფრო მარტივად უმტკიცებდა განვადების ტიპის სესხებს,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ.
როგორც ცნობილია, ახალი რეგულაციები 2018 წლის მაისიდან ამოქმედდება.