"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ნარკოპოლიტიკის რეფორმის გაჭიანურებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. მესამე სექტორის წევრები არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილების საჭიროებაზე ამ წუთებში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საუბრობენ.
EMC მმართველი გუნდისგან რეპრესიული პოლიტიკის შეცვლასა და საკანონმდებლო ორგანოში საკითხზე მსჯელობის დაწყებას მოითხოვს. პრობლემების რეალურად გადაჭრის გზას არასამთავრობო სექტორი სწორედ სახელმწიფოს პოლიტიკის შეცვლაში ხედავს.
„არაერთი დაპირების, კომპრომისული ნაბიჯების მიუხედავად ჩვენი მხრიდან, ხელისუფლებამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება სისტემური რეფორმის გატარების შესახებ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმის ის ინიციატივა, რომელზეც მთელი ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით, პრაქტიკულად, არის გაჩერებული და ჩავარდნილი. ხელისუფლების მხრიდან, რასაც ჩვენ ვისმენთ, ეს იქნება რეფორმა, რომლის შედეგიც იქნება ის, რომ მოხმარებული შპრიცის გამო, ადამიანებს არ დაიჭერენ, რაც, რა თქმა უნდა, იმ ანომალიას სჯობია, რომელიც დღეს გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმა,“- განაცხადა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა.