საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლები, ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში ჩატარდა.
დაღუპულთა ოჯახებს დღეს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მთავრობის და ოპოზიციის წევრებმა მიუსამძიმრეს.
“თითოეული მათგანი არის გმირი, თითოეულ მათგანს აქვს თავისი ისტორია. მე მთელი დღეები მშობლებს, მათ თანამებრძოლებს ველაპარაკებოდი და საოცარ ამბებს ყვებიან, მართლა რომ გმირობა იყო თითოეული იქ გატარებული დღე, თითოეული მათგანის და დღეს მათ მივასვენებთ იქ სადაც მშობლებს და ოჯახის წევრებს შეეძლებათ მისვლა,“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.
კომენტარი გააკეთა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ.
„ოჯახის წევრები განსაკუთრებულ განცდაში არიან, სიხარული ცრემლთან ერთად და ის 25 წლიანი ტკივილი, რომელსაც ისინი ატარებდნენ ამ ხნის განმავლობაში, რაღაცნაირი განსაკუთრებული სითბო, სიხარული მოედო,“ - ამბობს ვახტანგ ყოლბაია.
დაღუპულთა ნეშტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე დღის წინ გადმოასვენეს.
სულ, ამ დროისთვის აფხაზეთში ომის დროს, უგზო უკვალოდ დაკარგულად მიჩნეული 148 დაღუპულია იდენტიფიცირებული.