17 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
კოჯორში, სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა კომპანია „თელასის“ წარმომადგენლებს დენის გათიშვის უფლება არ მისცეს

ხმაური კოჯორში - ყოფილი ბავშვთა სახლის შენობაში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა კომპანია „თელასის“ წარმომადგენლებს დენის გათიშვის უფლება არ მისცეს.

ადგილობრივთა განმარტებით, ელექტროენერგიის საფასურს 28 ოჯახს ხუთი წელი მერია უხდიდა. ბოლო სამი თვე კი გადახდა შეწყვიტა, რის გამოც, მათ დავალიანება დაუგროვდათ. ისინი მიმართავენ მერიას ან ისევ დააფინანსოს ან დაუკანონოს ფართები და ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდეთ.

„ვართ გაუსაძლის პირობებში და პლუს ამას, გვითიშავენ ახლა დენს და არა ერთხელ მოხდა ეს. ახლა ოფიციალურად მოვიდნენ და მთელი ეზო სავსე იყო პოლიციელებით, რომ უნდა გაეთიშათ დენი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მე მყავს ინვალიდი შვილი, რომლის სიცოცხლეც ნებისმიერ წამს შეიძლება შეწყდეს,“ - ამბობს ყოფილი ბავშვთა სახლის შენობაში მცხოვრები რუსუდან ბერძენიშვილი.

ადგილზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.  

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეს ხალხი თავად შემოასახლა, ტაშიც დააკვრევინა, უთხრა, რომ ყველაფერში დაეხმარებიან. ამ ადამიანებს 1000 აქვთ სოციალური ქულა, ანუ ამათზე გაჭირვებული ადამიანები. ფაქტობრივად, აღარ არსებობენ. თუმცა, სამი თვეა მას შემდეგ, რაც კახი კალაძის მთავრობა მოვიდა და გამგებელი დანიშნა მთაწმინდის რაიონში, უკვე აღარც ელექტროენერგიის საფასურს აღარ უხდიან, აქედანაც ყრიან, სადაც თავად შემოიყვანეს და გაუფორმეს ხელშეკრულებები,“ -  ლევან ხაბეიშვილმა.

გამგეობაში განმარტავენ, რომ საფასური მოსახლეობამ თავად უნდა გადაიხადოს. გამგეობაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტმა თანხები სხვა სოციალური საკითხების მოგვარებისკენ მიმართა.

„თბილისში ძალიან ბევრგან არიან სოციალურად დაუცველები, რომლებიც შეჭრილები არიან სხვადასხვა შენობებში და ეს იყო ერთადერთი ადგილი კოჯორში, სადაც მუნიციპალიტეტი უხდიდა ამ ადამიანებს თანხას, მაგრამ სამი თევა აღარ ვუხდით ჩვენ ამ ადამიანებს თანხას, ვინაიდან, სხვა სოციალური საკითხების მოგვარებაში გადავრთეთ ეს თანხები, რომ სხვა ადამიანებსაც სხვა მხრივ მივეხმაროთ,“ – განაცხადა მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ.

დღის ამბები