მოქალაქეებისთვის სესხების აღება მაისიდან გართულდება. ეროვნული ბანკის ახალი წესებით ზოგიერთი მოქალაქე სამომხმარებლო სესხს საერთოდ ვეღარ აიღებს. კომერციულ ბანკებს კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე სესხის გაცემა აეკრძალებათ.
დღეს გაირკვა, რომ ეროვნულ ბანკს თამაშის ახალი წესები კომერციულ სექტორთან არ შეუთანხმებია. კომერციული ბანკების ნაწილი არ მალავს, რომ ახალი წესები ზედმეტად მკაცრია. „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი პროგნოზირებს, რომ სესხების მოცულობას შემცირდება.
ახალი წესები ყველაზე მეტად თვითდასაქმებულ მოქალაქეებს დაარტყამს, მაგალითად, ბაზრის მოვაჭრეს, ტაქსის მძღოლს ან აბიტურიენტების რეპეტიტორს, რომლებსაც რეგისტრირებული შემოსავალი არ აქვთ და სესხის აღებაც გაუჭირდებათ.
ექსპერტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ სესხის აღების მსურველს ბანკი უარს ეტყვის, ის ფულის მისაღებად სხვა, უფრო სარისკო გზას აირჩევს.
გამკაცრებული რეგულაციები პირველ ეტაპზე საბანკო სექტორს შეეხება, თუმცა სამომავლოდ იგივე ვალდებულებები დაეკისრება მიკრო საფინანსო ორგანიზაციებსაც.
ეკონომისტები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრის სხვა გზა უნდა ეძებოს.
მკაცრდება არა მხოლოდ სესხის აღების, არამედ სასურველი ნივთი განვადებით შეძენის პროცედურაც. ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტექნიკისა და სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებს გაყიდვები შეუმცირდებათ.