მთავარ პროკურატურაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემა ქალთა მიმართ ძალადობაა. სამოქალაქო სექტორის წევრები უწყებას კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ.
„შევქმენით მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ეფექტიან და კოორდინირებული სამუშაოს უზრუნველსაყოფად. ეს ჯგუფი ძირითადად იმუშავებს ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის, დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენციის თემებზე და ასევე სხვა თემებზე და მიმართული იქნება თითოეული დაზარალებულის ინტერესების დაცვისკენ.“-აცხადებს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნატია მერებაშვილი.
ძალადობის პრევენციის მიმართულებით მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობს სახალხო დამცველის მოადგილე. ეკა სხილაძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი გაზრდილია.
„ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანი როლი ეკისრება პროკურატურას, როგორც გამოძიების პროცესში ასევე შემდგომ მსხვერპლთა დაცვის ეფექტიანი ღონისძიებების გატარების მიმართულებით.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცოდეთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან და ასევ ტენდენციებთან მიმართებით რა ცვლილებებია, როგორ იცვლება ქვეყანაში არსებული ვითარება და რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ აღნიშნული ძალადობის პრევენცია მოხერხდეს დროულად“-0 აცხადებს ომბუდსმენის მოადგილე ეკა სხილაძე.