ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელების საქმეში ბრიტანელი ექსპერტები ერთვებიან. სპეციალისტები უკვე თბილისში იმყოფებიან.
ბრიტანეთის წამყვანი ექსპერტ–კრიმინალისტები დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ სპეციალისტებთან ერთად პირველ დეკემბერს მომხდარი დანაშაულის საქმეზე კომპლექსურ ექსპერტიზას ჩაატარებენ.
მათ დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა ჰქონდათ და დაათვალიერეს ის ლაბორატორია, სადაც იმუშავებენ.
ბრიტანელი წამყვანი ექსპერტ-კრიმინალისტი, ჯეისონ პეიმი აღნიშნავს, რომ ამ დრომდე ნივთმტკიცებებს არ გასცნობიან.
ბრიტანელი ექსპერტები საქართველოში დაცვის მხარის მოთხოვნით ჩამოვიდნენ.
„ჩვენი სურვილია კვლევა წარიმართოს გამჭვირვალედ და ობიექტურად. სამწუხაროა, რომ ჩვენ ამ დრომდე არ მოგვეცა საშუალება, ნივთმტკიცებულებები გვენახა, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ დროულად მოხდება მტკიცებულებების გადმოცემა. ორიენტირებულები ვართ, რომ დაიდოს მაქსიმალურად ობიექტური დასკვნა,“ - განაცხადა ჯეისონ პეინი-ჯეიმსმა.
საქმეში ჩართულია ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტი გია დეკანოზიშვილიც. პროფესორი აცხადებს, რომ საკმაოდ ბევრი კითხვა დაგროვდა, რასაც ექსპერტიზამ ვერ უპასუხა.
„ძალიან ბევრი კითხვები ისმება საერთოდ, ძალიან ბევრი გაუგებრობები და შეუთავსებლობებია ექსპერტიზებსა და საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით, დაკითხვის ოქმებთან დაკავშირებით და ამას ნელ-ნელა შესწავლის პერიოდში შევისწავლით და გავარკვევთ,“ - აცხადებს ექსპერტი.
პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ წარადგინა სასამართლოში სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა. საპროცესო კოდექსის მიხედვით მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა ალტერნატიული ექსპერტიზისთვის საექსპერტო მასალა მხარეებს.