17 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
ძალადობა ოჯახში, დისკრიმინაცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული - საკითხზე მესამე სექტორის და პროკურატურის წარმომადგენლებმა იმსჯელეს

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა, დისკრიმინაცია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული - აღნიშნულ საკითხებზე სამოქალაქო სექტორის და პროკურატურის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების და საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა პრევენციის გზები განიხილეს.

სამოქალაქო სექტორი შეხვედრაზე კონკრეტული რეკომენდაციებით მივიდა.

„რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს ღონისძიება ვერ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის პრევენცია დ ამაზე რეაგირება იყოს ეფექტიანი, სახალხო დამცველი საუბრობს იმაზე,  სხვადასხვა უწყების ჩართულობით უნდა შემუშავდეს მსხვერპლთა დაცვის და დახმარების ეფექტიანი სისტემა,  რაც შესაძლებლობას მისცემს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს თავი დააღწიოს ძალადობას“-აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული კი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურ საკითხად არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიება რჩება, როდესაც საქმეში სამართალდამცავი ფიგურირებს.

ვერძეული ამბობს, რომ ეს საკითხი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სამართალდამცავი სისტემისთვის.

„ჩვენ დავაყენეთ შეხვედრაზე ინიციატივა, რომ გაფართოვდეს ამ თემების ჩამონათვალი ვფიქრობ, არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიების პრობლემები, როდესაც საქმეში ფიგურირებს სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელი ასევე არის  ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შს სამინისტროსთვის, პროკურატურისთვის მთელი სისტემისთვის. თუკი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნება, მნიშვნელოვანია, რომ ეს თემაც როგორ ხდება არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიება და  დევნა, რა პრობლემებია ამ პროცესში იყოს ამ ფორმატში განხილული,“- აცხადებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას დადებითად აფასებს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია მერებაშვილი.

მისი თქმით, ფაქტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა ეფექტურია, ამის მაგალითად მერებაშვილის ის ფაქტი მოჰყავს, რომ მესამე სექტორის მუშაობის შემდეგ ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან სამართალდამცველი უწყებებისადმი მიმართვიანობა გაიზარდა.

დღის ამბები