ადგილობრივი მოსახლეობა გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში არსებულ კანონდარღვევაზე საუბრობს.
ახოსპირელის მეორე ჩიხის მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშები არ უფრთხილდებიან სხვა შენობებს და ინფრასტრუქტურას, რის გამოც რეაბილიტაციის პროცესში სხვა სახლები ზიანდება.
მოსახლეობა ამბობს, რომ სახლები ისედაც ავარიულ მდგომარეობაშია და მუშებზე კონტროლის გაზრდას ითხოვენ. ახოსპირელის მეორე ჩიხში ათამდე ოჯახი ცხოვრობს.
„ამ ნგრევამ გამოიწვია გვერდზე მდგომი კორპუსის ბზარები და ამის ფონზე ჩვენ ვდგავართ კონკრეტული პრობლემის წინაშე, თუ კიდევ განმეორდება ანალოგიური ბიძგები კორპუსი თავზე დაგვენგრევა, გვინდა , რომ ყურადღება მოგვაქციოს მერიამ“-ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი ნათია მებონია.
”თბილისის განვითარების ფონდის” დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი აცხადებს, რომ რეაბილიტაციის პროცესს ყოველთვის ესწრება თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენელი.
მისი თქმით, მოსახლეობის პრეტენზიები უსაფუძვლოა რადგან შენობები რეაბილიტაციის დაწყებამდე იყო დაზიანებული, რის გამოც დაიწყო რეაბილიტაცია.
„ადგილზე მუდმივად იმყოფება ჩვენი წარმომადგენელი როგორც ტექნიკური ზედამხედველი ასევე პროექტის მენეჯერი. ეს შენობები დღეს არ გაიბზარა ეს შენობები არის დაზიანებული და სწორედ მათ აღსადგენად არის დაწყებული სარეაბილიტაციო პროცედურები“- ამბობს ბაიდარაშვილი.