საპარლამენტო უმრავლესობა NDI -ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს. როგორც გია ვოლსკი ამბობს, NDI -ის „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით შექმნილი ორგანიზაციის საშუალებით წლებია ატარებს გამოკითხვას.
„არ შეიძლება, რომ 2012 წელს ასეთი ნდობა, სიყვარული ყოფილიყო საზოგადოებისა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, 12% ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მიმართ და არჩევნების შედეგები სულ სხვა ყოფილიყო , მიუხედავად იმ ზეწოლის პირობებისა, რომელშიც არჩევნები ჩავატარეთ. ამ პერიოდიდან მოყოლებული NDI-ის მიმართ დამოკიდებულება და მის მიმართ ნდობა, განსაკუთრებით არა NDI -ის არამედ იმ ორგანიზაციის მიმართ ნდობა რომელიც ამ ღონისძიებას ატარებს საკმაოდ სკეპტიკურია,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
"NDI -ის შეფასება არ გვაინტერესებს"-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვის შედეგებს. დეპუტატი ამბობს, რომ ის ნაწილი რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიების კვლევებს NDI -მ აჩვენა რომ არ არის ობიექტური.
NDI -ის კვლევის შედეგები საყურადღებო არ არის არც გედევან ფოფხაძისთვის. ის ამბობს, რომ ბოლო პერიოდში არაფერი მომხდარა ისეთი რომ პარლამენტის მიმართ ნდობა შემცირებულიყო.
„მე მაინც მგონია, რომ ასეთ კვლევებს სხვანაირი შესწავლა და ანალიზი სჭირდება ხოლმე,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
NDI საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა სადაც თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალია.