17 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ხმაური და კვერცხების სროლა პარლამენტთან - კილაძის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილებს "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" დაუპირისპირდა

ორი საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ - „თანასწორობის მოძრაობა“ სოფო კილაძის გადადგომას მოითხოვდა. ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა თავად ადამიანის უფლებებსა და თანასწორობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

აქციის წევრების თქმით, სოფო კილაძემ 17 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით ჰომოფობიური განცხადება გააკეთა, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია.

პარალელურად, კონტრაქციას მართავდა „მართმადიდებელ მშობელთა კავშირი“. ისინი ლგბტ თემის პროპაგანდას აპროტესტებდნენ.

სულ ცოტა ხნის წინ აქციაზე ვითარება დაიძაბა, რამდენიმე წუთის წინ მათ კვერცხები ისროლეს. სამართალდამცველებმა აქციის სამი მონაწილე დააკავეს.

მართლმადიდებლ მშობელთა კავშირი ცნობილია თავისი ფაშისტური იდეოლოგიით, არ არის გასაკვირი მათგან კვერცხების დაშენა, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იზიარებს მართლმადიდებლ მშობელთა კავშირის უფლებებს,“- განაცხადა აქციის მონაწილემ, ლევან ბერიანიძემ.

ლგბტ თემის უფლებების დამცველებმა კომიტეტის სხდომაზე დასწრებაც მოითხოვეს და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. უშუალოდ აქციის მონაწილეების ბრალდებებს თავად სოფო კილაძემ უპასუხა. მისი თქმით, ყველა ადამიანს გამოხატვის თავისუფლება აქვს.

„ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს აზრი და გამოხატოს საკუთარი აზრი. ყველა ადამიანი ჩვენს ქვეყანაში დაცულია კანონით, კონსტიტუციით და ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ თითოეული ადამიანი. არავითარი ჰომოფობიური განცხადება ჩვენთან არ გაკეთებულა. დემონსტრაციის გამართვის უფლება ყველას აქვს თუ ის კანონის ფარგლებში ჯდება,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

განცხადება სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამაც გააკეთა. მისი თქმით, თუკი უმცირესობის უფლებები დაირღვევა, ომბუდსმენი მათ უფლებებს დაიცავს.

„თუ დაირღვევა რომელიმე უმცირესობის წარმომადგენლის უფლება, სახალხო დამცველი იქნება პირველი, რომელიც თითოეული მათგანის უფლებას დაიცავს. ჩვენს ანგარიშშიც ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე, ლგბტ თემი არის ყველაზე მოწყვლადი საქართველოში, რომელიც ყველაზე ხშირად ექვემდებარება დისკრიმინაციას. რაც შეხება 17 მაისის აღნიშვნას, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა ზომა, რომ ნებისმიერ პირს ჰქონდეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლება დაცული,“- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები