17 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
მართული პროცესები - სოფო კილაძე ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე

„არავითარი ჰომოფობიური განცხადება არ გაკეთებულა,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გააკეთა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დეპუტატებსა და „თანასწორობის მოძრაობას“ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც კომიტეტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

მოძრაობის წევრები კილაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. ისინი აცხადებენ, რომ კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში ჩანიშნული იყო ღონისძიება, რომელიც 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, კილაძემ თვითნებურად ჩაშალა.

სოფო კილაძემ მოძრაობის წევრების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ნებისმიერი მოქალაქის უფლება უნდა დაიცვას, თუმცა, მისთვის მიუღებელია კომიტეტის სხდომის მსგავს ფორმატში ჩატარება.

სოფო კილაძემ მოძრაობის წევრების პროტესტს მართული უწოდა.

"ზოგადად, უფლებების თემასთან დაკავშირებით ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს და გასაგებია, რომ ჩვენ ვართ ის კომიტეტი, რომელმაც თითოეული ადამიანი უნდა დავიცვათ, მაგრამ ასეთი ფორმა არის მიუღებელი, როცა მართლა, არავინ ჩვენი კომიტეტიდან არც ჩაგრავს ამ ადამიანებს, არც არავითარი განცხადება ისეთი არ გაკეთებულა. ეს უფრო ჰგავს, ალბათ, მართულ პროცესებს,“ – განაცხადა კილაძემ.

„თანასწორობის მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ლგბტ უფლებები ცალკე არ არსებობს, შესაბამისად, სოფო კილაძე ადამიანის უფლებებს ცალსახად უგულებელყოფს.

მოძრაობის წევრებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დღის ამბები