17 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ბორჯომის ტყეში სოფელ საკირესთან ხანძარი ლოკალიზებულია

ბორჯომის ტყეში სოფელ საკირესთან ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს კერების დამუშავება. სამაშველო ოპერაციებში თბილისიდან ჩამოსული 60–მდე მეხანძრე ჩაერთო. ხანძრის შედეგად ძვირფასმერქნიანი ხის სახეობები არ განადგურებულა, ცეცხლი ნაყარ ხეს და ბუჩქებს ეკიდა.

ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობას ასახელებენ ადგილობრივები. ისინი ყვებიან, რომ ამ დროს ტყეში ბევრი ადამიანია, მათ შორის ბავშვები, რომლებიც სოკოს საკრეფად დადიან.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა აცხადებს, რომ ზარალი ცეცხლის ლიკვიდაციის შემდგომ დაითვლება. მისი თქმით, ცეცხლი ძირითადად ბუჩქებს მოედო.

„მიზეზებს ალბათ გამოძიება დაადგენს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ისეთი მიუდგომელი ადგილია, რომ რაღაცნაირად ნებსით ან უნებლიეთ ადამიანის ხელი ურევია,“ - განაცხადა თორნიკე გვაზავამ.

სოფელ საკირეში ხანძარი, გუშინ, გაჩნდა. ხანძარი სოფლიდან, დაახლოებით, შვიდი კილომეტრის მოშორებითაა.

დღის ამბები