მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა დარწმუნებულია, რომ ოკუპირებული ცხინვალი ცხედრისთვის ამოცლილ ორგანოებს ოფიციალურ თბილისს არ გადმოსცემს.
აღნიშნული მოთხოვნით ქართულმა მხარემ საოკუპაციო რეჟიმს მას შემდეგ მიმართა, რაც ექსპერტიზა ჩიხში შევიდა.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად სპეციალისტებს სწორედ ის ორგანოები სჭირდებათ, რომელიც არჩილ ტატუნაშვილს ამოაცალეს.
„ოსური მხარე შეეცდება, რომ არაფრის დიდებით არ დააბრუნოს იმიტომ, რომ გული და ტვინი რომ დააბრუნონ, ეს იქნება იმის ნათელი მაგალითი, რომ ჩემი შვილი იყო ჯანმრთელი, გულს არ უჩიოდა და გულის პრობლემები არასდროს ჰქონია და ტვინი კიდევ დაზიანებული ჰქონდა საკონტროლო გასროლით. არ დააბრუნებენ. მე ვიცი, რომ არ დააბრუნებენ.
"პროკურატურისთვის როგორც კი გახდა ცნობილი, ეგრევე მაცნობეს, რომ ექსპერტიზა ჩიხში შედის იმიტომ, რომ შინაგანი ორგანოები არ არის და თვითონაც უკვირდათ, რატომ დამალა ექსპერტიზამ. მე ვხედავ, რომ ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ იმათ რა მოვთხოვო, იმ არაკაცებს?! ეგენი უნდა გასამართლდნენ არა მხოლოდ მკვლელობისთვის, არამედ სხვისი ორგანოების ქურდობისთვის. თუკი როდისმე ჩვენი მართლმსაჯულება შეეხება მაგათ, მაგ მუხლითაც გასამართლდნენ ეგენი,“ - განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა.