ხვალიდან თბილისის მეტროს მემანქანეები იფიცებიან. ხელფასების გზარდასთან დაკავშირებით დედაქალაქის ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა.
თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ მეტროს მემანქანეებს მოუწოდა შეწყვიტონ ულტიმატუმის ენით საუბარი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაფიცვის მიუხედავად, მეტრო ფუნქციონირებას არ შეწყვეტს.
„მიუღებელია, რომ ეს ადამიანები და პროფესიული კავშირის წევრები საუბრობენ სატრანსპორტო კომპანიისა და მუნიციპალიტეტის სახელით და ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან არა მხოლოდ მერიას, არამედ დედაქალაქის მოსახლეობას. ამ ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ მეტრო გაიხსნება თუ არ გაიხსნება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და ვიღებთ ჩვენ, დედაქალაქის მთავრობა. მინდა, მკაფიოდ განვუცხადო ყველას, ვინც გაფიცვას აპირებთ და ასევე დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ასევე, ნებისმიერ დღეს,“ - განაცხადა კალაძემ.