საქართველო საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადადის, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რეფორმა ითვალისწინებს, როგორც მოხალისეების ჩართვას ასევე ალტერნატიული სამხედრო სამსახურის მოხდას. კრიზისების პრევენციისთვის კი მეცნიერების ჩართვა მოხდება.
"განვიხილავთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს რეფორმების ძალიან მნიშვნელოვან პაკეტს, რომლის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა გადადის საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე.
რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს სიახლეებსაც, ესენია: მოხალისეთა სისტემა, ალტერნატიული სამხედრო სამსახური და კრიზისების პრევენციის მიზნით სამეცნიერო წრეების ჩართვა.
სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პარალელურად აქტიურად ვმუშაობთ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და განახლებაზე. უკვე გამოცხადებულია ტენდერი სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე“-განაცხადა პრემიერმა.