საფეხბურთო მატჩი გორის სტადიონზე ჩხუბითა და ქვების სროლით დასრულდა. გორის დილასა და თბილისის დინამოს ფეხბურთელებს შორის დაწყებული უთანხმოება, გულშემატკივრებმა ფიზიკური დაპირისპირებით გააგრძელეს. დაზიანებულია სტადიონის ინფრასტრუქტურა. ჩხუბის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფოს მობილიზება გახდა საჭირო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.