ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგზაო ინსპექციის თანამშრომლებმა საქართველოს 22 წლის მოქალაქე, თბილისის მკვიდრი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს - ამის შესახებ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ცხინვალის რაიონის სოფელ სათიხარში, ღამით დააკავეს.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურს გადაეცა.
22 წლის საქართველოს მოქალაქის დაკავებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა დაკავებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
„ეს ადამიანი , რომელიც გახლავთ დევნილი ცხინვალის რეგიონიდან თბილისში მცხოვრები 22 წლის პირი გახლავთ უკანონოდ დაკავებული.
ამის თაობაზე უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულია ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, იმისთვის, რომ მოხდეს დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ასეთი აქტები უკანონო დაკავებები ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევა და ყველაზე უარესი რაც საუბედუროდ 22 თებერვალს მოხდა ეს ყველაფერი თავისი ხასიათით არის არამხოლოდ უკანონო, არამედ პროვოკაციული“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.