ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში ხეების გადასარგავად ბიუჯეტიდან დამატებით 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ივანიშვილის რეზიდენციაში 5 ხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითიდან უნდა გადარგონ, ხეები უკვე ამოთხრილია. თუმცა, იმის გამო, რომ გზა ვიწროა, ტრანსპორტირება შეჩერებულია.
რეგიონის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო საავტომობილო გზა გააფართოვოს და ამაზე 2 მილიონი ლარი დახარჯოს.
მოსახლეობა ამბობს, რომ აქ ახალი გზა ერთი წლის წინ დაიგო და მოითხოვს გამოყოფილი ფული სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე დაიხარჯოს. მაგალითად, სოფელს წყლის პრობლემა აქვს, მაშინ როცა ამოთხრილ ხეებს 24 საათიან რეჟიმში რწყავენ.
მოსახლეობა შიშობს, რომ სამუშაოებს გზის გასწვრივ დარგული ხეებიც შეეწირება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ გეგმიური სამუშაოების ფარგლებში კეთდება გზა და ერთ კონკრეტულ ჭრილში არ უნდა განიხილოს საზოგადოებამ.
„ეს არის გეგმიური სამუშაოები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ყველა სოფელში, მათ შორის, სოფელ ზენითშიც და ჩვენი ამოცანა არის, ყველა ოჯახამდე, ყველა სოფელში, ყველა თემში იყოს მოწესრიგებული გზა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა,“ - განაცხადა პატარაძემ.