რუსთავის მუნიციპალიტეტში სიცოცხლისათვის საშიში შენობების გარემონტებისთვის საჭირო თანხა არ არის გამოყოფილი. ჭყონდიდელის დასახლებაში, ჩეხოვის და კიდევ რამდენიმე ქუჩაზე მდებარე კორპუსები გამაგრებას საჭიროებს, თუმცა, მუნიციპალიტეტი სარემონტო სამუშაოებს დაპირების მიუხედავად არ ატარებს.
რუსთავში ჩეხოვის ქუჩაზე, სულ რვა ორ სართულიანი კორპუსი დგას, სადაც 40-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. კორპუსები გამაგრებას საჭიროებს. ადგილობრივები ყვებიან, რომ ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი შენობა გარემონტდა, ისიც პოლიტიკური ნიშნით, აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ კორპუსში „ქართული ოცნების“ წევრი ცხოვრობს და მისთვის დაფინანსება მოიძებნა. დანარჩენებში კი ცხოვრება დღემდე საშიშია.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სიცოცხლისათვის საშიში შენობების გარემონტებაზე უარის ამბობს, თუმცა თანხა ჩინოვნიკებმა საკუთარი კაბინეტების შესაკეთებლად გამოძებნეს. ადგილობრივი ხელისუფლების უფრო მეტ კომფორტზე 160 ათასი ლარი დაიხარჯება.
„კურიერმა“ გაარკვია, რომ რუსთავის მერიაში ჭყონდიდის დასახლებასთან დაკავშირებით ტენდერი არ გამოცხადებულა და მოსახლეობის საჭიროებებისთვის თანხა საერთოდ არ გამოიყო.
რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა ამბობს, რომ სამაგიეროდ დასახლებაში ახალი ადმინისტრაციული სერვისცენტრი ექნებათ.