ბიძინა ივანიშვილის ეზოში ხეების გადატანისთვის ქობულეთის რაიონის სოფელ ზენითში გზას აფართოებენ. ერთი წლის შემდეგ ახლად დაგებულ გზას აჭარაში ისევ სარემონტოდ ამზადებენ. მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტს 2 მილიონი დაუჯდება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დაგებული გზით კმაყოფილები არიან და მისი გაფართოება ხელისუფლებისთვის არ უთხოვიათ.
ტენდერი ერთხელ გაკეთებული გზის ხელახლა გასაკეთებლად 16 მარტს გამოცხადდა. და განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია.
მოსახლეობისა და ოპოზიციის ბრალდებებს ზოგადად პასუხობს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ზურაბ პატარიძე ამტკიცებს, რომ გზები და ზოგადად ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის ხორციელდება.
5 ხე ივანიშვილის ეზოში წასაღებად უკვე გამზადებულია, მიწიდან ამოღებულია და სპეციალურ არტახებშია ჩასმული.
იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ შესყიდული ხეები არ გახმეს, მათ სისტემატური მორწყვა სჭირდება. ადგილობრივების მტკიცებით, წყალს მათივე მილებიდან იღებენ, რის გამო უკვე 10 დღეა, სოფელს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება.
ხეების მორწყვის გამო გამოწვეულ უწყლობას აპროტესტებენ ხუცუბანში. აქციაზე დღეს ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა.
ქობულეთის წყლის კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ივანიშვილის ხეებს არ რწყავს.