მიწის გასხვისების კორუფციული სკანდალი სამეგრელოში და დაკითხვების სერია სუს-ში.
გუშინ გვიან ღამემდე მარტვილის მუნიციპალიტეტის მიწის ლეგალიზაციის კომისიის ყველა წევრი დაკითხვაზე იმყოფებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარის დაკავების შესახებაც.
ამ ფაქტს კი წინ უძღოდა თაღლითობის ბრალდებით ამავე კომისიის წევრის დიმა წულაიას დაკავება. მოუწევს თუ არა მიწის უკანონო გასხვისებისთვის წულაის პასუხისგება დღეს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ გახდება ცნობილი. რა მოხდა მოდულის შენობაში და დაასახელა თუ არა წულაიამ დანაშაულში მონაწილე სხვა პირები - დეტალებზე არ საუბრობენ მარტვილის მერიაში.
„ვიცი რომ დაკითხვაზე იყვნენ დაბარებულები, რაზე, რასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ ვიცი,“-აცხადებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით სურმავა.
ოფიციალურ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე საათში გაავრცელებს.