საშიში პრეცედენტი და ცენზურა - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას პრეზერვატივების საქმეზე. საქალაქო სასამართლომ კომპანიას 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და პროდუქციის გაყიდვიდან ამოღება დაავალა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, მარიამ ბეგაძე აცხადებს, რომ სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით გამოხატვის თავისუფლება დაარღვია.
„მათ შორის, რეკლამის შემთხვევაში ადამიანს აქვს თავისუფლება, როგორც უნდა ისე წარმოაჩინოს ის,“ - განაცხადა ბეგაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების პრაქტიკა, რომლისთვისაც კომერციული მიზნით რელიგიური პირების გამოყენება მისაღებია, თუ ის არ შეიცავს სიძულვილის ენას.
„თავად მერიის სამსახურის მიერ რეაგირება არ არის მიჩნეული როგორც ევროპულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში შესაბამისად. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის პრაქტიკა და არ მიიღო. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების ფარგლები შეიზღუდა,“ - განაცხადა ანდღულაძემ.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ბერაია სასამართლოს გადაწყვეტილებას ცენზურის მცდელობად აფასებს.
„ეს გადაწყვეტილება ნამდვილად, შეიძლება, მათ შორის, გასაჩივრდეს იგივე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სასამართლოს მიერ ხდება, გარკვეულწილად, ასეთი თითიდან გამოწოვილ თემებზე ასეთი გადაწყვეტილებების მიღება და ამასთანავე ხდება წახალისება იმ ჯგუფების, რომლებიც გამოირჩევიან მათ შორის, გარკვეული ქსენოფობიური თუ რასისტული შეხედულებებით,“ - განაცხადა ბერაიამ.