ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე ჩადენილი ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 52 წლის კაცი თბილისში დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულმა ოქროს ბირჟიდან 2 მაისს 55 460 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
კურიერის ინფორმაციით, დაკავებულია კახა ჭედია, რომელიც ნასამართლევია ახალციხეში ოქროს ბირჟის იარაღით დაყაჩაღებისთვის. ის 2013 წელს ამნისტიით გათავისუფლდა. ამჯერად კი, კურიერის ინფორმაციით, მან შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ლევან კაკავას, ბიცოლას დაყაჩაღებას ცდილობდა.
თვითმხილველების თქმით, ოქროს ბირჟაზე ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა. ის დანით იყო შეირაღებული, რომელიც მოვაჭრეებს დაემუქრა და ერთ რიგზე დახლებზე განთავსებული ოქროს ნაკეთობები და სხვა ძვირფასეულობა გაიტაცა.
თვითმხილველთა განცხადებით, დაჭრილია საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი პოლიციელი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
გამოძიება დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.