ქრონიკა პლიუსის რედაქტორი, ელისო კილაძე, ნარკოტიკის ჩადების სავარაუდო ფაქტს ასაჯაროებს.
ვიდეომასალა ჟურნალისტს რედაქციაში უცნობმა პირმა რამდენიმე დღის წინ მიუტანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კადრებში ლაშა ვაშაკიძის დაკავებაა გადაღებული, რომელიც, დაახლეობით, 1 წლის წინ მოხდა.
მასალაში ჩანს, რომ მას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 5 პირი აკავებს, სავარაუდოდ, იკვეთება ნარკოტიკის ჩადების ფაქტი.
„ჩემთვის უცნობმა პირმა გადმომცა დისკი და მითხრა, რომ მასზე ასახულია ჩადების ფაქტი და როდესაც ვკითხე, ვინაობა იცის თუ არა, ვის უდებენ ნარკოტიკს ან იარაღს, მან მითხრა, რომ ვინაობა არ იცის. ეს ფირი სრულად ავტვირთე Facebook-ის გვერდზე, დამიკავშირდა ჩემთვის უცნობი ქალბატონი, მან მითხრა, რომ ვიდეოფირზე არის მისი მეუღლე, ლაშა ვაშაკიძე, მას ნამდვილად ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება და იარაღი,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
პრესკონფერენცია ჟურნალისტმა დღეს ლაშა ვაშაკიძის ადვოკატთან, გაგი მოსიაშვილთან, ერთდ გამართა.
„ამ ვიდეო ჩანაწერში, რეალურად, აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა სისხლის სამართლის ოფიციალურ საქმესთან მიმართებაში. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა სამართლებრივი რეაგირება განვახორციელოთ და დავიცვათ ლაშა ვაშაკიძის კანონიერი ინტერესები,“ - განაცხადა ადვოკატმა.