სხეულის ესთეტიკაზე ზრუნვა შესაძლოა კანონმა დაარეგულიროს - თამბაქოს შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატი, გუგული მაღრაძე, ბრძოლას სიმსუქნეს უცხადებს. ის ჭარბი წონის პრობლემის დასარეგულირებლად ცვლილებებს კანონში ითხოვს და ახალ ინიციატივაზე მუშაობს.
გუგული მაღრაძე ტკბილეულზე ფასის გაზრდით გეგმავს, ჭარბი წონა დაბლა დასწიოს.
მაღრაძის ეს ინიციატივა მოსახლეობისთვის ქილიკის მიზეზი გახდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ჭარბი წონის პრობლემის დარეგულირება კანონით მიზანშეწონილი არ არის და ყველამ საკუთარ წონას თვითონ უნდა მიხედოს.
გუგული მაღრაძის ამ ინიციატივას, ადამიანების ვიზუალური მხარის გაუმჯობესების გარდა, უფრო დიდი მიზანი აქვს. კანონმდებლების მთავარი მოტივი 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დავადებასთან - ჭარბ წონასთან, ბრძოლაა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ჭარბ წონასთან ბრძოლის რეგულაციები მკაცრად უნდა იყოს გაწერილი. ბავშვთა ენდოკრინოლოგები ამბობენ, რომ ჭარბ წონასთან ბრძოლის რეგულაცია, პირველ რიგში, საბავშვო ბაღებში კვების კონტროლით უნდა დაიწყოს, სხვა შემთხვევაში მიღებული კანონი არაეფექტიანი იქნება.
კონკრეტულად რა რეგულაციებს დააწესებენ კანონმდებლები ჭარბი წონის პრობლემის დასარეგულირებლად, ჯერ უცნობია. შემოდგომიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან კონსულტაციები დაიწყება.
ერთადერთი, რაზეც ხმამაღლა გუგული მაღრაძემ უკვე ისაუბრა, დიდი ბრიტანეთის მოდელია, რომლის მიხედვითაც, სიმსუქნის გამომწვევ ტკბილეულზე ფასი გაზრდილია და მოსახლეობისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია.