ოკუპანტების გაფრთხილების შემდეგ, სოფელ აძვის მოსახლეობა გიორგობის დღესასწაულს მათ ტაძარში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს, აღარ აღნიშნავს. ისინი ამჟამად სოფელ მეჯვრისხევში, უსანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებიან. საზეიმო წირვა ლოცვას ატენისა და გორის ეპარქიის წინამძღვარი მიტროპოლიტი ანდრია აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე სოფელ აძვში ჩავა, თუმცა პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად ტაძარში გადასვლას აღარ შეეცდება. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებსა და მრევლს მოუწოდა უარი თქვან სოფელ აძვში მდებარე ეკლესიის და სასაფლაოს მონახულებაზე და მოსალოდნელ პროვოკაციებზე გაამახვილეს ყურადღება. მათივე გადაწყვეტილებით, 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ხვალ საღამოდან ე.წ. საზღვარი რამდენიმე დღით ჩაიკეტება.