ქართულ ძიუდოში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე და მასშტაბურ ხასიათს იღებს. ძიუდოისტებმა დღეს ვაკის პარკში საპროტესტო აქცია გამართეს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს დავით ქევხიშვილი და შეიცვალოს ძიუდოს ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელობა.
მათი თქმით, დავით ქევხიშვილი ფედერაციას ერთპიროვნულად მართავს და თანხებიც არამიზნობრივად იხარჯება. იმ შემთხვევაში თუ ქევხიშვილი არ გადადგება, ისინი ვარჯიშებზე და ტურნირებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს მხარდაჭერას ცნობილი უცხოელი ძიუდოისტები უცხადებენ.
ძიუდოისტების მოთხოვნებს დღეს ძიუდოს ფედერაციაში საგანგებო განცხადებით უპასუხეს. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის აკადემიაში შეკრებილები იყვნენ ვეტერანი ძიუდოისტები, მწვრთნელები, კლუბების ხელმძღვანელები და რიგითი გულშემატკივრები.
დღის ბოლოს მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი ფედერაციის პრეზიდენტმა გააკეთა. დავით ქევხიშვილმა ბრალდებებს უპასუხა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.
10 მაისს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საგანგებო ყრილობა გაიმართება.