ხვალიდან ძიუდოისტები მასშტაბური აქციებისთვის ემზადებიან - ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის ხელმძღვანელობის შეცვლას და დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.
ძიუდოს ფედერაციის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა საყოველთაო ინტერესი გამოიწვია. ქართველ ძიუდოისტებს, რომლებიც ფედერაციის ხელმძღვანელობის შეცვლას, კონკრეტულად კი დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ უცხოელმა ვარსკვლავებმა დაუჭირეს მხარი.
მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავები ამბობენ, რომ დაპირისპირება სპორტის აღნიშნული სახეობისთვის საზიანოა, თუმცა იმასაც აღიარებენ რომ ქართველი ძიუდოისტების მოთხოვნა შეცვალოს სისტემა და ჩატარდეს ახალი არჩევნები სამართლიანია.
ევროპის ჩემპიონატზე განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, ნაკრების წამყვანი ძიუდოისტები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ, თავად ქევხიშვილი კი ამბობს რომ მოთხოვნები უსაფუძვლოა.
ფედერაციის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად 10 მაისს ძიუდოს ფედერაციის საგანგებო ყრილობა გაიმართება.
ორშაბათს, 7 მაისს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები გულშემატკივრებთან ერთად ძიუდოს ფედერაციაში მისვლას და ქევხიშვილთან შეხვედრას გეგმავენ.